განმარტება დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის 

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2484 ნახვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს და ხელს შეუწყობს კანონით დადგენილი მათი უფლებების თავისუფლად განხორციელებას - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, დაკვირვების უფლების მქონე პირებს  ცესკო შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების შესაბამისი უბნის სიაში იდენტიფიცირების შესაძლებლობის კუთხით, დააკვირდნენ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას, მათ დამოწმებას და კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები.  

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზემოხსენებული უფლების განხორციელება მოხდეს კენჭისყრის შენობაში აგიტაციისა ან ამომრჩეველზე რაიმე ზეგავლენის გარეშე, რათა დაცული იქნას ხმის მიცემის ფარულობისა და ნების თავისუფლად გამოხატვის ფუძემდებლური პრინციპები. ცესკო მიმართავს დაკვირვების უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას და კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი