სპორტი მთავარში

10 ოქტომბერი 2017, 00:00 1693 ნახვა

• ამ წუთებში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩს სტუმრად ფარერებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში _ _ ია. გია გეგუჩაძის გუნდი ჯგუფში ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობს, წინა ორი მატჩი ნაკრებმა პოლონეთთან და დანიასთან დათმო, შესაბამისად მესამე ქვეჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება. ამავე  ჯგუფში დღეს ლიტვა მეორეადგილოსან პოლონეთს უმასპინძლებს, ხოლო ფინეთი ჯგუფის ლიდერს - დანიას მიიღებს.

• გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური კიდევ ორმა ევროპულმა ნაკრებმა მოიპოვა. რუსეთში სერბეთის და ისლანდიის ნაკრებებიც ითამაშებენ. ისლანდიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი კოსოვოსთან, ხოლო სერბებმა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ დაიკავეს. ვლადიმერ ვაისის გუნდმა შეხვედრა 74 წუთზე პრიოვიჩის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის გამო დათმო და შესარჩევი ტური ბოლოს წინა - მე-5 პოზიციაზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა 10 დან  5 შეხვედრა  წააგო, ხოლო 5 ფრედ დაასრულა და ჯგუფში მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი შედეგი აჩვენა. .დღეს B ჯგუფში პირველი ადგილისთვის პორტუგალიის და შვეიცარიის ნაკრებები იბრძოლებენ. პორტუგალიელებს მხოლოდ მოგება სჭირდებათ მიზნის მისაღწევად, ხოლო შვეიცარიელებს ფრეც აწყობთ. ჰოლანდია კი ზედიზედ  მეორედ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერმოხვედრის რეალური კანდიდატია. ჰოლანდიელებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ დარჩენილი. განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ ამერიკისკენაა მიმართული, სადაც არგენტინის და ჩილეს ნაკრებების ბედი წყდება. სამხრეთ ამერიკული დაპირისპირებები შუა ღამით 3 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება.

• ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა ფრანს ფუტბოლმა  2017 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სია შეადგინა.  პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ცნობილი გახდა ის 30 ფეხბურთელი ვინც პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ რომ ფრანს ფუტბოლმა ფიფასთან თანამშრომლობა 2016 წელს შეწყვიტა და ისევ დამოუკიდებლად დაიწყო საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა. მანამდე კი 1956 იდან 2010 წლამდე ანიჭებდა "ოქროს ბურთს" ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, 2010- 2016 წლებში კი რჩეულებს ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად აჯილდოვებდა.

• ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა ევროპის 22-ე საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობს რომელიც ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ანტალიაში ტარდება, პირველ ტურში ბათუმურმა კლუბმა ანატოლიას მოუგო, მეორეში კი აზერბაიჯანულ ოდლარ იურდუსთან დამარცხდა. ნინო ბაციაშვილმა გულნარა მამადოვა დაამარცხა, ნონას ინდოელმა ლეგიონერმა ჰარიკა დრონოვალმა ყაიმი მოიპოვა, ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ კი პარტიები დათმეს.  ორი ტურის შემდეგ  საჭადრაკო კლუბ „ნონას“  4 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იყოფს ანატოლიასთან და ფილიდორ მულჰაუსთან. მესამე ტურში ბათუმური კლუბის მეტოქე  რუსული უგრა იქნება. 

• თურქეთის ქალაქ ართვინში დასრულებულ ოფროუდის საერთაშორისო შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ ქართველი ოფროუდერები. 11 ქართული ეკიპაჟიდან  სამი ეკიპაჟი ეს 3 და ეს 2 კატეგორიებში საპრიზო ადგილებზე გავიდა. შეჯიბრში სულ 4 ქვეყნის 70 ეკიპაჟი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს კატეგორიების მიხედვით ფულადი ჯილდო გადაეცათ. შეჯიბრება ოფროუდ თრაიალში ჩატარდა. მორიგ საერთაშორისო ტურნირს 14- 15 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს.  

ამავე კატეგორიაში