,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ დღეს მედიას დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც მათი თქმით, უწყების მოქმედმა თანამშრომლებმა მიაწოდეს. ირაკლი ბარამიძე ირწმუნება, რომ სამინისტროში დასაქმებულებს, ამით ოპოზიციისთვის მინისტრის ბიზნესსაქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სურდათ.
,,ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ ავთანდილ მესხიძეს სამეგრელოში, სოფელ ნოსირში, ზაზა ხარჩილავასთან ერთად სანერგე მეურნეობა ჰქონდა. 2008 წელს ავთანდილ მესხიძე ინდ მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა მაშინ, პროდუქცია უწყებამ დაიწუნა. 2013 წელს კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ტენდერში, რომელიც ჯამში 40 ათას ლარს შეადგენდა, სწორედ კომპანია ,,ზაზა ხარჩილავა იმარჯვებს. მინისტრი ცოლის ნათესავის სახელით მოქმედებს “ -გვითხრა ირაკლი ბარამიძემ.
ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს მინისტრი. ავთანდილ მესხიძე ნათესაურ კავშირს ზაზა ხარჩილავასთან არ ადასტურებს. ამბობს, რომ მას იცნობს, რადგან იგი ამ სფეროში საქმიანობს.
,,მე სანერგე მეურნეობა მქონდა სოფელ ლეღვაში და არა ნოსირში. ისიც მხოლოდ ჩემი საკუთრება იყო. 2002-2004 წლებში მსოფლიო ბანკის პროექტს ვხელმძღვანელობდი. ახლა არც ლეღვაში მაქვს სანერგე მეურნეობა. ნებისმიერ ინფორმაციის გადამოწმება დაინტერესებულ პირს, შესაბამის უწყებაში შეუძლია. ხარჩილავასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ტენდერებში არა ხარჩილავა, არამედ ფასი, ხარისხი და სპეციფიკა იმარჯვებს” - აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.