სააკაშვილის საქმეს ლვოვის სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს

12 სექტემბერი 2017, 00:00 2451 ნახვა

მოქალაქეობა ჩამორთმეული  მიხეილ სააკაშვილის  შესაძლო ექსტრადიციის შესახებ არანაირი  გადაწყვეტილება მიღებული არ არის - განცხადებას უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო ავრცელებს. „ქართული მხარისგან ამ მოთხოვნის მიღების შემდეგ, საექსტრადაციო შემოწმების მიზნით, ყველა მასალა პროკურატურას გადაეცა. თუ შემოწმება პოზიტიური შედეგით დასრულდება, შესაძლებელი იქნება შემდეგი პროცედურული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი. მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა არტემ შევჩენკომ განაცხადა, რომ  მიხეილ სააკაშვილის  დაკავების საფუძველი არ არსებობს. უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება.

სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის განმარტებით, მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა საიმიგრაციო სამსახურს საფუძველს აძლევს ასეთი პირი ქვეყნიდან გააძევოს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურას - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამწუხარო პოლიტიკური წარსულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი