ხანძარი ლიკვიდირებულია ზემო არჩევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ გამყოფი ხაზის მიღმა გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძარი ბუჩქნარს გაუჩნდა და ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა. ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, აქედან, ორი მორიგეობდა სოფელ ფლავისმანის სასაფლაოსთან, რომელიც ხანძრის კერასთან საკმაოდ ახლო მანძილში მდებარეობს.
მთელი ღამის განმავლობაში, შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები. შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, თუმცა, აღნიშნულ წინადადებაზე პასუხი არ მიუღიათ.