მერაბ ღოღობერიძის განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმაურება

20 ივნისი 2017, 00:00 2158 ნახვა

მერაბ ღოღობერიძის განცხადებას, ციხეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სრულ სიცრუეს უწოდებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„მ.ღ. პრეტენზიები საკვებთან და სანიტარულ - ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მ.ღ.-ს მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი საკვები, ე.წ მშრალი კვების ულუფაა, რომელიც პატიმრებს პენიტენციური დაწესებულებიდან დროებით გასვლის შემთხვევაში, გადაადგილებისას მიეწოდებათ, რათა არ დარჩნენ კვების გარეშე. რაც შეეხება მის განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოსაკვებად სასურსათო პროდუქტებს ამანათის სახით ოჯახი უგზავნის, მ.ღ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით ორთვიანი ყოფნის პერიოდში, საკვები ამანათით მხოლოდ ორჯერ მიიღო, ორი ხაჭაპურისა და ორი კილოგრამი ვაშლის ოდენობით.

მსჯავრდებულთა სანიტარულ-ჰიგიენური და კვების ნორმები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებითაა დამტკიცებული, რომელიც კვების 12 განსხვავებულ რაციონს ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პატიმართა ჯგუფებისთვის. ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით. საკვები პროდუქტების ხარისხი კი, მუდმივად მოწმდება კვების ინსპექტირების კომისიის მიერ“ - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.  აქვე საუბარია, სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. 

ამავე კატეგორიაში