სპორტის მინისტრმა ახალგაზრდა ბატუტზე მხტომელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი ხუთი - სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა.
ისტორიაში პირველად ქართველ ბატუტზე მხტომელ ვაჟთა წყვილმა - ცოტნე ჩხაიძემ და ლუკა ლომთათიძემ (15-16 წლის კატეგორია), სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
სინქრონულ ხტომაში ჩემპიონობა იზეიმეს: ელენე კირთაძისა და მარიამ გაბრიაძის წყვილმა (13-14 წლის კატეგორია), ასევე ანანო აფაქიძისა და მარიამ რაგიმოვის წყვილმა (17-21 წლის კატეგორია). ბატუტზე მხტომელმა მარიამ გაბრიაძემ (13-14 წლის კატეგორია) ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქრისტინე პლეხანოვი (11-12 წლის კატეგორია) კი ბატუტზე ხტომაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.