ლუვრიდან მოპარული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ლორ ბეკომ სატელევიზიო ინტერვიუს დროს მუზეუმის დირექტორის შეფასებაზე დაყრდნობით განაცხადა.
„თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ ის ვერ შეედრება ისტორიულ ჭრილში მიყენებულ ზიანს“, - თქვა პროკურორმა.
მისივე განცხადებით, მძარცველები ვერ მიიღებენ მსგავს თანხას, „თუ თავში მოპარული სამკაულების გადადნობა მოუვათ“. ის იმედოვნებს, რომ მძარცველები ექსპონატებს უმიზეზოდ არ გაანადგურებენ.
პროკურორის თქმით, ძარცვაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში შეიძლება სხვა ფიგურანტებიც იყვნენ, რომლებიც მათ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.
ლუვრი 19 ოქტომბერს, სამუშაო საათებში გაძარცვეს.
ნიღბიანმა დამნაშავეებმა საიმპერატორო კოლექციიდან 9 ექსპონატი მოიპარეს, მათ შორის ნაპოლეონისა და მისი მეუღლის ჟოზეფინას კუთვნილი ნაკეთობები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე