მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი - მარტა კოსი

20 ოქტომბერი 2025, 10:40 104 ნახვა

ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში მოვლენები შემაშფოთებელია.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებშიც საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. როგორც იცით, ოპონენტები დაპატიმრებული არიან, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ. ამავდროულად, ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, – განაცხადა მარტა კოსმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში