ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა პრაქტიკა, მანამდე ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და უკვე რამდენიმე წელია, ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური დასკვნები - პაპუაშვილი

16 ოქტომბერი 2025, 11:45 107 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია იქცა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დასკვნების შემდგენელად.

„დიდი ხანია, უკვე ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ უკვე რამდენიმე წელია, აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და უკვე რამდენიმე წელია, ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში.

ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად. მაგალითად, როცა საუბრობენ „ფარა“-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო, ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია [ვენეციის კომისია]. ამბობენ, იქ კი არის, მაგრამ საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო. იმდენი სითამამე მაინც ეყოთ, რომ თქვან, რომ ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას. ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი კავშირი აღარ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რაში მდგომარეობს სტიგმატიზება? თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება, როგო შეიძლება, ის სტიგმატიზდეს საქართველოში. რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკაში და საქართველოში თუ რა ხდება? ეს დასკვნა აბსოლუტურად აბსურდია, რომ ის, რაც ამერიკაში მისაღებია, ქართველებისთვის არ არის მისაღები. თუ ვენეციის კომისიას უნდა, ასე სეგრეგაციულად უნდა შემოგვხედოს, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში