ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია, მოიხსნა ვარდისფერი სათვალე და დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა - შალვა პაპუაშვილი

01 ოქტომბერი 2025, 11:48 299 ნახვა

ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია, მოიხსნა ვარდისფერი სათვალე, რომლითაც უყურებდა სამყაროს, მათ შორის ევროპას. ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გინდა, იყო დამოუკიდებელი, სუვერენული, უნდა იყო მზად, გაუძლო ზეწოლებს.

„ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია, მოიხსნა ვარდისფერი სათვალე, რომლითაც უყურებდა სამყაროს, მათ შორის ევროპას. ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს, ყველა ძალიან მშრალ, პრაგმატულ, გააზრებულ საკუთარ ინტერესებს ატარებს. ეს ჩვენ დავინახეთ უკრაინა-რუსეთის ომის დროს, როცა შევხედეთ, რომ არავის ევროკავშირში, ბრიუსელში ჩვენი ინტერესები არ ადარდებთ. ყველამ გაგვწირა მაშინ რუსეთთან ესკალაციისთვის. მათ შორის გაგვწირა მათი „ენჯეობისა“ და ნაცმოძრაობის“ ხელით, როცა გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციას. ქართველმა ხალხმა მაშინ დაინახა, რომ წარმოდგენა, თითქოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში, კონსტრუქციაა, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ სამყარო წესებზე დგას. სინამდვილეში, ეს არის ცივი გათვლის და საკუთარი ინტერესებს გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა. ამას ვხედავთ, მათ შორის საქართველოს მაგალითზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართ როგორ უხეშად არღვევენ საერთაშორისო წესებს, ვენის კონვენციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამიტომ ეს არის მთავარი გაკვეთილი, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო 13 წლის განმავლობაში. თუ გინდა, იყო დამოუკიდებელი, სუვერენული, უნდა იყო მზად, გაიარო, გაუძლო ზეწოლებს, რომლებიც მოდის. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არც საბჭოთა კავშირს უჩუქებია ჩვენთვის, არამედ მოვიპოვეთ, არც სხვა მიმართულებიდან არავინ გვაჩუქებს. დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, მოგვძიძგნონ ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არა დავთმოთ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, USAID-ი იყო თაღლითური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანსაც სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა წარმოადგენდა.

„USAID-ი რომ პენსიაზე გავიდა, ეს უკვე ვიცით და ძალიან კარგი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს თაღლითური ორგანიზაცია იხურება. ძალიან კარგია, რომ ასეთ თაღლითურ ორგანიზაციას არ ექნება შესაძლებლობა, საქართველოში მავნე ოპერაციები განახორციელოს. წარსულიდან ჩვენ ვიცით, რომ USAID-ი იყო საქართველოში არეულობების მთავარი დამფინანსებელი და რესურსების მიმწოდებელი. ჩვენ ვიცით, რომ 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებაში მონაწილეობდა USAID-ი. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის პარალელური დათვლის შედეგების არ გამოქვეყნებაში მონაწილეობდა USAID-ი. ჩვენ ვიცით, რომ „კანვასის“ ტრენინგები, სადაც შიდა ტერორისტებს ამზადებდნენ, დაფინანსებული იყო USAID-ის მხრიდან. ეს იყო ერთი დიდი, თაღლითური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და საქართველო, მათ შორის დაფინანსების მხრივ, იყო გამორჩეული. სწორედ ამის შედეგი იყო საქართველოში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არეულობა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა ამგვარი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრა და საზოგადოებებში დაპირისპირების შეტანა, კარგია, რომ იხურება.

არ ვიცი, პენსია ღმერთმა ყველას შეარგოს, თუკი ეს პენსიის სახით არის. თუმცა, ესეც კარგია, რომ როგორც იქნა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში არეულობის მთავარი დამფინანსებელი იყო, იკეტება. ვინც პენსიას იღებს, ვუსურვებ, თავიანთი პენსია მშვიდად მოიხმარონ მშვიდ საქართველოში, რომელიც მათ ვერ არიეს და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. აქ თუ ავყვებოდით  იმას, რასაც USAID-ი აფინანსებდა და „კანვასის“ დატრენინგებული შიდა ტერორისტები 90-იან წლებს დაატრიალებდნენ, არც ის პენსია შეერგებოდათ და ღმერთმა უწყის, სად იქნებოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, მისი განცხადებით, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები „დემოკრატიის მტრები არიან და მათი მიზანი არის ამ არჩევნებზე საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“.
 
„რასაც „დემოკრატიის გაძლიერებას“ ეძახდნენ, სინამდვილეში აჩვენა მათმა დამოკიდებულებამ დემოკრატიული პროცესების და არჩევნების მიმართ, რომ ესენი არიან ჯგუფები, რომელთა ამოცანა არის ძალაუფლების მოპოვება. ამ შემთხვევაში, მათი დანიშნულება იყო მათი დამფინანსებლებისათვის საქართველოში ძალაუფლების ბერკეტების მიცემა. შარშან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო აქციაში, ან ჰქონდათ ღონისძიებები - „გამოდით არჩევნებზე, მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მე მივდივარ არჩევნებზე“ და ასე შემდეგ, მილიონები დაიხარჯა ამ ყველაფერში, უცხოური ფული. წელს კი ამბობენ, რომ თითქოს არჩევნებზე წასვლა ყველას პირადი საქმეა. სინამდვილეში, ჩვენ ამ ორგანიზაციების სახით, უცხოური დაფინანსებით გვყავს არა დემოკრატიის მხარდამჭერები და გამძლიერებლები, არამედ ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანი არის სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვება და მისი გაზიარება მათი დამფინანსებლისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც თავადვე აღიარეს, რომ ეს ორგანიზაციები არიან დემოკრატიის მტრები და მათი მიზანი არის ამ არჩევნებზე საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე