მერიაში ამბობენ, რომ სუვენირებით გარემოვაჭრეებს 4 ბიზნესმენი მართავს

22 მაისი 2017, 00:00 4031 ნახვა

ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირებით მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მათ 4 ბიზნესმენი მართავს, რომელთაც რამდენჯერმე შეხვდნენ და მოლაპარაკებებიც აწარმოეს. "რამდენჯერმე შევხდით მათ და შევეცადეთ, სამართლებლივ ჩარჩოში მოგვექცია, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მათი საქმიანობის შესწავლაში ფინანსური პოლიციაც ჩართულია " - განცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.

გოგა ლომაძის თქმით, მოვაჭრეები არც საშემოსავლო გადასახადს იხდიან და არც იბეგრებიან. ბათუმის მერიაში ბიზნესმენების ვინაობას არ აკონკრეტებენ. ჩვენ შევეცადეთ, ინფორმაცია თავად სუვენირების მოვაჭრეებთან გადაგვემოწმებინა. მათი ინფორმაციით, სუვენირების ბიზნესს ზურაბ და გია ლომთაძეები, ასევე, ავთო ბასილაძე კურირებენ.

ზურაბ ლომთაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სუვენირებით ბიზნესს არ კურირებს, თუმცა, ადასტურებს, რომ მერიაში შეხვედრები ჰქონდა. ფინანსურ პოლიციაში, ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ გვპასუხობენ პროცესებში კონკრეტული პირების ჩართულობასა და საქმის მოკვლევაზე. ამბობენ, რომ გადამოწმებულ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

ბათუმის მერიამ, გუშინ, 2 საათზე, „საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიიდან სუვენირებით მოვაჭრეების ჯიხურები აიღო. პროცესს მოვაჭრეების მხრიდან წინააღმდეგობა და ხმაური მოჰყვა. დღეს მოვაჭრეების აქციამ მერიასთან გადაინაცვლა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ თვითმმართველობა მათ ახალი დიზაინის 25 ჯიხურს სთავაზობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი