ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის კუთხით ვაწარმოებთ მონიტორინგს, ყველა სამართალდარღვევას მოჰყვება პასუხისმგებლობა, ვერ გამოვრიცხავ სისხლის სამართლებრივ დევნასაც - მიხეილ სარჯველაძე

08 სექტემბერი 2025, 15:28 82 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა რეფორმაზე, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს უკავშირდება.

მედიის წარმომადგენელმა ჯანდაცვის მინისტრს კითხვა დაუსვა, რა შედეგი მოიტანა კერძო სუბიექტებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვამ და რა მიზნით განხორციელდა აღნიშნული რეფორმა.

„ესეც ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, რეფორმაა. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მიზანია, მაქსიმალურად შეიზღუდოს კომერციული ინტერესი. არ შეიძლება, სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, რომ კომერციული ინტერესი წინააღმდეგობაში მოდიოდეს პაციენტის, ჯანდაცვის ინტერესთან. ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მედიკამენტების მოხმარება. მეტი რეალიზაციის შემთხვევაში, მათი კომერციული ინტერესი მზარდია. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აბსოლუტურად მართებულია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია და რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ჩაანაცვლებს ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტს, ამ შემთხვევაში, კერძო კომპანიებს. არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, მედიკამეტები გამოიყენებოდეს არა დანიშნულებისამებრ, სამკურნალოდ, არამედ ბოროტად. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სარკველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით მონიტორინგი მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, მხოლოდ იმპორტიორები არ წარმოადგენს საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეს. აქ არიან ექიმები, აფთიაქები, გარკვეული წრე, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით ბრუნვაში არიან ჩართული. ამ კუთხით, სამწუხაროდ, სერიოზული ნაკლოვანებებია. ალბათ ახლო მომავალში საზოგადოებას კონკრეტულად მივაწვდით ინფორმაციას, როგორია პრაქტიკა, მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები იქნება გამოკვეთილი, გვექნება მოწოდება თითოეული ექიმის, აფთიაქის, ადამიანის მიმართ, რომელიც შეიძლება, გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდეს ამ სამკურნალო საშუალებებთან. ყველასთან გვექნება მოწოდება, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ბოროტმოქმედებისგან, ფრთხილად იყვნენ. ეს იქნება ჩემი თხოვნაც და გაფრთხილებაც. არავითარი უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ შეურიგებელნი ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი