ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სახელმწიფო ძალიან აქტიურია, მათთვის განსაზღვრული ბიუჯეტი დღეისთვის 300 მილიონს უტოლდება - მიხეილ სარჯველაძე

08 სექტემბერი 2025, 14:26 105 ნახვა

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სახელმწიფო მართლაც ძალიან აქტიურია და ამას საზოგადოებაც კარგად ხედავს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამის დასტურია ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ზრდაც.

„რამდენიმე წლის წინ ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე გვაქვს ყურადღების ქვეშ. ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობა უნდა სცადონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, მიესალმება ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენაა, რომელიც შეიძლება, კეთილსინდისიერი ბიზნესის ფარგლებში ვერ თავსდებოდეს.

ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის დაწყებას და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი პაციენტთა უფლებების დაცვაა.

„ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული ამ თვალსაზრისით, რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნესი გარკვეული მიმართულებებით. ჩვენ ვნახეთ გარკვეული უპასუხისმგებლო განცხადებები ცალკეული ბიზნესსუბიექტების, ზოგიერთი ასოციაცის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მეტი მოგების მიღების მიზნით, გარკვეული ხარჯების გადასაფარად და ა.შ. ისინი არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას მიმართავენ. ბუნებრივია, ასეთი ტიპის განცხადებების არსებობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დაინტერესების საფუძველი გახდა.

ჩემი მოლოდინიც ასეთია, რომ გარკვეული საყურადღებო გარემოებები ერთმნიშვნელოვნად, შეიძლება, გამოკვეთოს ამგვარმა კვლევამ. გახსოვთ, ახლო წარსულში დაასრულა კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი, რომელიც ზოგიერთი ფარმაცევტული საშუალების იმპორტს უკავშირდებოდა და იქაც სრულიად გაუგონარი და არანორმალური ფაქტები იქნა იდენტიფიცირებული. ძალიან არ მინდა, ეს ასე იყოს სხვა სექტორებშიც, მაგრამ ვშიშობ, რომ შეიძლება, ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ნებისმიერი ისეთი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში არ აყენებს ნომერ პირველ ინტერესად პაციენტის ინტერესს. ეკონომიკური ინტერესი შეწყნარებადია იქამდე, ვიდრე ის წინააღმდეგობაში არ ექცევა პაციენტის საუკეთესო ინტერესთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი