თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან, ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის - პრემიერი

05 სექტემბერი 2025, 14:28 135 ნახვა

თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან - ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას.

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას. პრეზიდენტიც ფართო გაგებით ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან. ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ თანამშრომელი დააყანეს, რომელსაც ხაზარაძე ყოველთვიურად „ტვ პირველში“ პარკით ხელში აგზავნიდა და ტელევიზიაში მიჰქონდა 200 ათასი ლარი.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. 27 მუნიციპალიტეტში როდესაც საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც სჯობდა, არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული. ეს ადამიანი დაკავებული იყო რით – ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა მას „ტვ პირველში“, პარკით ხელში ყოველთვიურად ტელევიზიაში მიჰქონდა 200 ათასი ლარი. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული. ახლა „ლელოს“ ეს თანამშრომელი დაყენებულია კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია მთლიანობაში დღეს ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია. ეს ჩვენთვის აიოლებს საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არის ორი პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს. მისივე შეფასებით,  კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე, ეს პარტიები ერთად შეკრული იყვნენ საერთო მიზნების გარშემო და ახლა ტაქტიკური განხეთქილებები აქვთ.

„პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა. ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი