აგვისტოში წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასებმა იმოქმედა - ეროვნული ბანკი

05 სექტემბერი 2025, 12:06 92 ნახვა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.3%-ით მოიმატა. ეროვნული ბანკის განმარტებით, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაცია აგვისტოში 10.0% იყო, ხოლო წლიური ინფლაციის 4.6%-დან ამ ჯგუფზე 3.4 პროცენტული პუნქტი მოდიოდა.

„გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო და აქედან გამომდინარე, სურსათის გაძვირება ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება. საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მომატებულია, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. სურსათის ფასების ზრდას პურის ფასის ერთჯერადი გაძვირებაც განაპირობებს. ბოლოდროინდელი გაძვირების მიუხედავად, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციის ასახვაა. ამავდროულად, აგვსიტოში ინტერნეტის გადასახდელის დეფლაციური ეფექტი სრულად ამოიწურა და დამატებით გაძვირდა, რამაც წლიური ინფლაცია კიდევ უფრო გაზარდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

როგორც ცენტრალური ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, აგვისტოში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე გამოსარჩევი კარტოფილის 19.9%-ით გაიაფებაა, რის გამოც თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. კარტოფილი წინა თვეებში მნიშვნელოვნად გაძვირებული იყო და ამ გაიაფებით განვლილი პერიოდის ტრენდს ძირითადად დაუბრუნდა. ამასთან, სებ-ში აცხადებენ, რო აღსანიშნავია იმერული ყველის და ბენზინის გაძვირება, რამაც თვის ინფლაცია 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

მათივე ცნობით, ივლისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 13.0%-ით, 337.0 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 11.4%- ით, 37.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი