აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი.
„2024 საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნეგატიური განვითარების ფაქტები მოიცავდა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ძალაში შესვლა, რომელიც, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შეზღუდავდა გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც, ანგარიშის თანახმად, „გამოხატვის გარკვეულ ფორმებს კრიმინალიზაციას უწევდა“.
ანგარიშის მიხედვით, „დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიამ შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით“.
„ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სანდო შეტყობინებებს: წამების ან სასტიკი, არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის შესახებ; თვითნებური დაკავებისა და პატიმრობის შესახებ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს შეინიშნებოდა „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაკავებები და სისხლის სამართლებრივი დევნა, ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა“.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების ჩამდენი ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოძიებისა და დასჯისთვის, დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება“, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ანგარიშში საუბარია ოკუპირებული რეგიონების შესახებაც.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლის გარეშე, დე ფაქტო ხელისუფლება მხარდაჭერილი იყო რუსული ძალების მიერ. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საკითხებში შედიოდა სანდო შეტყობინებები თვითნებური დაკავებისა და პატიმრობის შესახებ. ორივე რეგიონში რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლება დაუსჯელად ახორციელებდა დარღვევებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „ევროპის სასამართლომ 2021 წელს დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვითნებურ დაკავებებზე“. ანგარიშის მიხედვით, „15 ინდივიდი რჩებოდა უკანონოდ დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 10 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და ხუთი ოკუპირებულ აფხაზეთში“.
დოკუმენტში საუბარია ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებზე.
„მედიის თავისუფლების 30-ზე მეტი დარღვევა მოხდა 26 ოქტომბრის არჩევნების დროს, მათ შორის ტექნიკის დაზიანება, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები და დაშინება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, აღწერილია 7 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა. „30-ზე მეტი ტიტუშკა (ამოუცნობი თავდამსხმელები, რომლებიც ჩვეულებრივ შავებში არიან გამოწყობილნი და სახეებს ფარავენ) ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს, შემდეგ თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ იღებდნენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „პროევროპული დემონსტრაციების დროს აქციის 450-დე მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსის საფუძველზე“.
ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შეფასებაზე მითითებით, ანგარიშში აღნიშნულია: „შეტყობინებებმა დაშინების, იძულების, ზემოქმედებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის შესახებ… შეშფოთება გამოიწვია ზოგი ამომრჩევლის უნარის მიმართ, მისცეს ხმა შურისძიების შიშის გარეშე“.
ანგარიშში ასევე განხილულია დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა. „ევოლუშენ გეიმინგში“ დასაქმებულთა გაფიცვის შემთხვევაზე საუბრისას აღნიშნულია: „არსებობდა შეტყობინებები ზოგი დასაქმებულის შიმშილობის, გაფიცვისა და გაფიცული დასაქმებულების დასაშინებლად კოორდინირებული ძალისხმევების შესახებ, მათ შორის „ბანდიტების“ გამოყენებით, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ დასაქმებულებს".