როგორც კი გადმოიდგმევა ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი უარის შემდეგ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ერთ დღეს, რეალურად, გადააყენეს ამერიკის ელჩი საქართველოში და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ ე.წ. აგრემანი, ანუ თანხმობა საქართველოს ელჩის დანიშვნაზე და დაინიშნა თამარ ტალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად. ეს მოხდა დემონსტრაციულად ერთ დღეს. ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც ითქვა უარი წერილის მიღებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი ჟესტი და ჩვენ მადლობელი ვართ ამ ჟესტისთვის იმიტომ, რომ რეალურად, კიდევ ერთხელ შეიძლება თამამად ითქვას, წინა ორი ელჩის პირობებში, მანამდე იყო მესამეც, იქაც ბევრი რამ გაფუჭდა, მაგრამ განსაკუთრებით წინა 2 ელჩის პირობებში თვისებრივად გაუარესდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. კონკრეტულად ელჩებმაც შეიტანეს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, სამწუხაროდ. ელჩის გადაყენება და ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი.
მთავარია, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი განვითარება, ჩვენ ამას ველოდებით. ჩვენ ველოდებით არა იმ მცდელობას, რომ შანტაჟის ქვეშ რაღაც გზავნილები გაგვიზიარონ, არამედ ველოდებით ჯანსაღ და სამართლიან დამოკიდებულებას. თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, რომ ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ გვაქვს ძალიან ხმამაღალი და მაღალი განაცხადი გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ნათქვამი მარტივი რამ, მაქსიმუმზე გვაქვს განაცხადი გაკეთებული - როგორც კი გადმოიდგმევა ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც, მზად ვართ, რომ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამაზე ხმამაღალ განაცხადას ვერ გააკეთებ. ვართ მოლოდინის რეჟიმში და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.