ეუთო-ს გენერალური მდივანის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას - შალვა პაპუაშვილი

04 ივლისი 2025, 11:50 132 ნახვა

საპარლამენტო არჩევნებიდან გავიდა რამდენიმე თვე და ეუთო-ს ასამბლეაზე გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება, რომ არჩევნების შედეგებზე მოსახლეობის ნება არის ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეუთო-ს გენერალურ მდივანის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას

„ზოგადად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს ასამბლეა. მოსახლეობამ ნახა, მათ შორის, ეუთო-ს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები, რომელთაც წერტილი დაუსვეს ყველანაირი სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როცა ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა იქნებოდა მათთვის გადამწყვეტი. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს; არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას.

 

ყველამ იმავე მომენტში გვერდით გასწია ეუთო/ოდირი და დაიწყეს საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასე რომ, წერტილი დაუსვა ბრიუსელის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ, ხომ უნდოდათ ეუთო/ოდირი, აგერ ეუთო, აგერ ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრის თუ პარლამენტების განცხადებები, რომლებიც პოლიტიკურ ანგაჟირებაში ერთი განმარტებით ამხილა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია. მისივე თქმით, რეზოლუციაში როდესაც სიცრუე და დეზინფორმაცია იწერება, ამას არ ექნება საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა.

„სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ ქართველი ხალხი. ვხედავთ, რომ მათი მცდელობით, ჩაიწერა ნახევარი წინადადება, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ასე რომ, ესეც ცალკე ამბავია. დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არდაშვებას, თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მერე კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, დღეს დეზინფორმაცია დაფინანსებულია მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა, რომ არა ჯო უილსონისა და უკრაინის დელეგაციის მიერ შეტანილი  წინადადება, მხარდაჭერას მიიღებდა.

„რაც შეეხება დოკუმენტს, მის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებაც შევიდა. ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა, ამ მხრივ, მთლიანად რეზოლუცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი მავნებლური წინადადება, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენი ინიციატივა იყო ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ყველას, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი