ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია - მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2025, 20:36 196 ნახვა

ქართველი მეზღვაურები, წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო და რამდენიმე კერძო პროფესიული სასწავლებელი, სადაც მეზღვაურის პროფესიას ყოველწლიურად 2 000-მდე სტუდენტი ეუფლება. ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და წინსვლა, კარიერული ზრდა და ქართული დროშის ქვეშ სიამაყით ცურვა უსურვა.

„საქართველო განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტს გადის, როდესაც სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ინტერესად გამოცხადებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საქართველო წარმოადგენს შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს, ამ დერეფნის საკვანძო ელემენტი კი საზღვაო პორტები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები არიან. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში 20 000-მდე მეზღვაურია დარეგისტრირებული. საქართველოს საკმარისი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენს ნავსადგურებს, ნაოსნობასა და საზღვაო საქმეს საკუთარი ძალისხმევით გავუძღვეთ, საკუთარ საჭიროებებს ჩვენვე მოვემსახუროთ და გამოცდილება საერთაშორისო ნაოსნობაშიც მივიღოთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ოთხ ნავსადგურს უახლოეს მომავალში მეხუთე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეემატება, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და მთლიანად ქვეყნის ტრანზიტულ-ლოგისტიკურ პოტენციალს გააძლიერებს.

„რაც მთავარია, თითოეულ მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურს უნდა ახსოვდეს, რომ მათი საქმე, დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში უნდა გავუზიაროთ ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ჩვენი სამშვიდობო თანმიმდევრული პოლიტიკა აუცილებლად გამოიღებს შედეგს ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში