მზად ვართ, აშშ-თან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - პრემიერი

27 ივნისი 2025, 12:33 100 ნახვა

ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უფრო მეტიც, გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი ცვლილებები, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.

„აშშ-სთან ურთიერთობა ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და მზად ვართ, უფრო მეტიც, გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.

 

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩი. ვფიქრობთ, ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა თუ იქნება, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან არის მზაობა გადაიდგას ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციისთვის ხელის შესაწყობად.

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები. არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით მზაობის რეჟიმში, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ამისთვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში, პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, იმედია, რომ აქაც გადაიდგმება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  ჩინეთთან ურთიერთობა მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მათი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩინეთთან პარტნიორობის შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში