პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გივი თარგამაძისა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმეებზე განაჩენები დღეს გამოცხადდება. პროცედურულად, თარგამაძემ საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას, თუმცა, როგორც ცნობილია იგი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, ბრალდებულის პოზიცია ცნობილია, ის სხდომაზე მისვლას არ აპირებს. ცნობისთვის, ორივე მათგანს ბრალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობით აქვს წარდგენილი.
სასამართლომ გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, შესაბამისად, მას გირაო პატიმრობით შეეცვალა. იმ შემთხვევაში, თუკი, მოსამართლე ნიკა მელიას მიმართ გამამართლებელ ან არასაპატიმრო განაჩენს დააყენებს, ის პენიტენციურ დაწესებულებას ვერ დატოვებს.