ჯერ ქუჩაში დაგვასისხლიანეს, მიგვათრიეს პოლიციის სამმართველოში და შემდეგ იქ ფეხით დადიოდნენ ჩვენზე, ბეისბოლის ხელკეტებით გვცემდნენ, სახეში გვაფურთხებდნენ - დაჩი ცაგურია

16 ივნისი 2025, 13:43 125 ნახვა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას მოუსმინენ, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები გაიხსენა.

დაჩი ცაგურიას თქმით, 2009 წლის 15 ივნისი არის მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე.

„43 წლის ვარ და ასეთი მძიმე დღე, უბრალოდ, არ მქონია. არ ვიცი, ასეთი სასტიკი დღე მგონი, არასოდეს არ ყოფილა. მივდიოდით იქ, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ხან ქალბატონ სოფოსთან ერთად, ასეთ სიტუაციებში როცა იყო, რესტორანთან მივდიოდით და გამოვთქვამდით პროტესტს. შიგნით შესვლა არ გვიცდია არასდროს. ჩვენი მესიჯები გვქონდა, ხან სანდრო გირგვლიანის ფოტო გვქონდა, ხან ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, ბუტა რობაქიძის და ა.შ. შეჭრის მცდელობაც არ გვქონია. 15 ივნისს წინ უძღოდა ის, რომ იყო დიდი აგრესია, ცემა და უბედურება. 15 ივნისამდე საპროტესტო აქციები შენელებულია, უკვე ძალა აღარ აქვს ოპოზიციას და ესენი გადმოვიდნენ ჩვენზე შეტევაზე. ოჯახებს გვიწიოკებდნენ, დაიწყეს ჩვენი დაჭერები. მიშა მესხს მიუვარდნენ დასაჭერად სახლთან, მეზობლებმა და ქალებმა გადაარჩინეს. მეც ზუსტად ასე მომივარდნენ. პოლიციამ ვითომ გამაჩერა. დამტვრეული „ნივა“ მყავდა და სიჩქარეს გადააჭარბეო. ის მანქანა სიჩქარეს ფიზიკურად ვერ აჭარბებდა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მამასთან ერთად ვიყავი და არ გრცხვენიათ-მეთქი? მამაჩემს ვუთხარი, სოზარ სუბართან ვრეკავ, დამშვიდდი-მეთქი და რომ გაიგო პოლიციელმა, ტელეფონი გამომგლიჯა. გადმოვედი მანქანიდან და ჩასაფრებაა, ალბათ 200 პოლიციელია. ზედაზენის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან დამხვდნენ. მეზობლების დახმარებით, ვერ დამიჭირეს. ასე ყველას სახლებთან რომ გვხვდებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივსულიყავით სამმართველოსთან. აქციის მიზეზი იყო, რომ ჩავბარებულიყავით – „გვითხარით, ვისი დაჭერაც გინდათ, აქ ვართ“. დაახლოებით 50-60 ადამიანი ვიყავით მშობლებთან ერთად. სამმართველოსთან ვიდექით ტროტუარზე. ჩვენდა გასაოცრად, დაგვხვდა სამმართველოს კარი ღია. შიგნიდან ვიდეოკამერებით გვიღებდნენ და ჩვენ დავიწყეთ სიის წაკითხვა, რომ მოვედით და აქ ვართ. უცებ ყველა მხრიდან მოდიან, სამმართველოს შესასვლელის გარდა. ამათ უნდოდათ, დაედგათ კადრი, შევერეკეთ შენობაში, რომ გადაეღოთ, ვითომ შევიჭერით. ყველა ჩვენს აქციას თან ახლდა ზონდერდაჯგუფებების გაკეთება. უდესიანები და ვიღაცები ჰყავდათ ზონდერდაჯგუფებების ორგანიზატორებად. აქციიდან წასულ ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

დაჩი ცაგურიამ დეტალურად ისაუბრა ჯერ პოლიციის სამმართველოს ეზოში, შემდეგ კი სამმართველოს შენობაში განვითარებულ პროცესებზე.

„მინდა, ახალგაზრდებმა იცოდნენ, ხალხნო, ახლა რომ ამბობთ, იგივეა და უარესია, ეს სიგიჟეა, არ დაგაჯეროთ არავინ. ვინმემ თუ არ იცით, რა არის იგივე და რა არის უარესი, უარესია კი არა, ჩრდილოეთ კორეა გვენატრებოდა და რა რუსეთში მიგვაქანებენ, რუსეთი იყო სანატრელი. ასეთი რაღაცები მაშინდელ რუსეთში არ ხდებოდა. ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და გვცემეს, შემდეგ შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში. ოღონდ როგორ იყო, იცით? მოაწყობდნენ ხოლმე სახელდახელოდ დერეფანს, ხომ მიგვათრევდნენ ხელებამობრუნებულებს და გვირტყამდნენ თან, გვაფურთხებდნენ სახეში და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შემდეგ დერეფანში შეგვაგდებდნენ და დერეფანი უნდა გაგვევლო. დერეფანში იდგა ერთი ორმოცი ადამიანი ხელკეტებით და რაღაცებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა, ყველა სამაგალითოდ. ერთგვარი შეჯიბრი ჰქონდათ, ვინ უფრო მაგარი იყო, ერთმანეთისთვის რომ დაემტკიცებინათ, ვინ უფრო მაგრად გაგვიმეტებდა, ვინ უფრო დაუნდობელი იყო. ჯერ ქუჩაში მოგვკლეს ცემით და დაგვასისხლიანეს, თავებდახეთქილები და დაგლეჯილები ვართ უკვე, დაკავებულები და არავინ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს, მაგრამ მაინც გვირტყამენ, მოგვათრევენ და უკვე სამმართველოს ეზოში ჯერ ეს დერეფნები ეწყობა სახელდახელოდ ყველასთვის და იქ გვცემენ, გვაგინებენ, ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ, რომ ეს გინება არ არის, ვერ ვიტყვი უბრალოდ, რაღაც საზიზღრობაა. სახეში გვაფურთხებდნენ. დერეფანი ხომ გაგვატარეს, შემდეგ დერეფნიდან აგვიყვანეს კიბეებზე, სამმართველოს შესასვლელი იყო, სადაც ლიფტებია და ერთგვარი ფოიე, იქ რომ შემიყვანეს, ჩემი მეგობრები არიან ძირს დაყრილები, ძირს ვწევართ, უკვე ადგილი აღარ არის, გადაიჭედა იქაურობა და ფეხით დადიოდნენ ჩვენზე ზემოდან, ბეისბოლის ხელკეტებით და არმატურებით გვცემდნენ. ნაწილი მანდ შეგვიყვანეს, ნაწილი სასამართლოს შენობაში შეიყვანეს. სასამართლოს შენობაში ჩემი მეგობრები დაგლიჯეს ცემით, ტყავი დაუხიეს, ისეთ დღეში ჩააგდეს, დაასისხლიანეს, ძვლები დაულეწეს სააპელაციო სასამართლოს შენობაში, ახლა რომ გრძელი ენა აქვთ, რაღაცები რომ არ მოსწონთ. ჩემზე იყო ერთგვარი მოთხოვნა, აბა, ცაგურია, ცაგურია. პარტია-პარტია მოდიოდნენ, უკვე გონზე ვიყავი, მაგრამ ყოველგვარი ენერგიისგან გამოლეული, თავზე მედო ხელები. ხელის მტევანი დალეწილი მაქვს, ფორმა აქვს შეცვლილი, სამმართველოში დამიმტვრიეს, თავზე რომ მედო ხელები და ბეისბოლის „ბიტას“ რომ მირტყამდნენ. ეტყობა, ხელზე რომ მხვდებოდა, გული სწყდებოდათ მაგაზე, ვიღაც მომეპარა უკნიდან და ზუსტად შუაში, ისე რომ ხელებს შორის გაეძვრინა, მხეთქა ბეისბოლის ხელკეტი და საშინელი ტკივილი იყო. ხერხემალი დამიზიანდა იქ, ორი მალა მქონდა ცემისგან გატეხილი“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

დაჩი ცაგურიამ სხდომაზე ისაუბრა, როდის გაიცნო პირადად მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტში მასთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა.

„თუ არ ვცდები, 2001 წელი იყო, ჟვანია რომ გადადგა და თარგამაძე გადავაგდეთ. გვიხაროდა ძალიან, „რკინის კაცი“ გადავაგდეთო. ამ პერიოდში გავიცანი პირადად სააკაშვილი. მაშინ, პრაქტიკულად, ჩემი დაორგანიზებული იყო მთელი სტუდენტური მოძრაობა. მთელი ერთი კვირა პარლამენტთან ვიდექით, გადადგა ჟვანია, გადადგა თარგამაძე, რის გამოც ძალიან გახარებული ვიყავით. სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგა, ჯერ პარტია არ ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და ცდილობდა, ჩემთან ემეგობრა. შევარდნაძის დროს ოთხჯერ ვარ დანაჭერი – დიქტატორი შევარდნაძე-მეთქი და ოთხჯერ დამიჭირეს. ობიექტურად ვამბობ, „ვარდების რევოლუციამდე“ არც ერთხელ, არც ერთი დაჭერის დროს არ ვარ ნაცემი. ძირითადად ქალაქიდან სადღაც გამიყვანდნენ, ჩამომაგდებდნენ მანქანიდან და შემდეგ ჩაიშლებოდა აქცია, რაც დაგეგმილი მქონდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა აქციების შემდეგ შევარდნაძე მოდიოდა უნივერსიტეტში შეხვედრაზე. მას ხომ უყვარდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა და სტუდენტებთან მოსვლა. ვემზადებოდი ამ შეხვედრისთვის. პეტრე მელიქიშვილის ბიუსტთან დამაკავეს, ჩამომსვეს საგურამოსთან. მთელი გზა არც ხელი დაურტყამთ, პირიქით, მე ვარ ანთებული სტუდენტი, ვამბობდი, დიქტატორის მსახურებო-მეთქი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მაშინ ციხეებში და დროებითი დაკავების იზოლატორებში იყო ადამიანების ცემის, წამების ფაქტები, ეს ვიცოდით, მაგრამ პირადად ჩემთვის არც ერთ ჯერზე არავის ხელი არ დაურტყამს. სააკაშვილმა ჩემი დაჭერის შესახებ რომ გაიგო და იმ შეხვედრაზე არ ვიყავი, დამირეკა, პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა იყოს, შენ იქ უნდა შეგიყვანოთ, რომ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირესო. კი ბატონო, შემოვალ-მეთქი. პარლამენტში რომ მოვედი, მგონი, ადეიშვილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი. მკითხეს, რა მოხდაო? იქიდან სამ დღეში იყო პლენარული სხდომა. მოვუყევი, დამიჭირეს, დავახურე თავზე-მეთქი, შემდეგ ჩამომსვეს და როდესაც მივედი, შეხვედრა უკვე დამთავრებული იყო-მეთქი. სააკაშვილი მეუბნება, ეგრე არ მოჰყვეო. აბა, როგორ უნდა მოვყვე, რაც მოხდა, ეს არის-მეთქი. ხომ იცი, თეთრი ხელთათმანებით არ გამოვა ბრძოლა, თქვი, წამიყვანეს, ჩამიყვანეს მიტოვებული აგარაკის სარდაფში, სადაც მაგინებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, „დუბინკა“ და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო. ამას მეუბნება მიხეილ სააკაშვილი, 19 თუ 20 წლის სტუდენტი ვარ. ნაძალადევში დავიბადე და გავიზარდე, წარმოვიდგინე, რომ ეს ისტორია უნდა მოვიგონო, მოვყვე ტყუილი, ამხელა უბედურება. კინაღამ გავგიჟდი, დავახურე თავზე, რას მეუბნები, ეგეთი რამ როგორ მოგაფიქრდა, როგორ მაკადრეთ, რომ ასეთ რამეს მოვყვები, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი? სამივეს დავახურე თავზე და წამოვედი. შეხვედრას ესწრებოდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი. მიშა ლაპარაკობდა, იმათ ხმა არ ამოუღიათ. სხვათა შორის, შემდეგ ეს ისტორია ერთი ერთში დაემთხვა და ონიანმა მოჰყვა სიტყვასიტყვით. ორგანიზაცია „კმარა“ გააკეთა და ერთ-ერთი აქტივისტი იყო. ტელევიზორი რომ ჩავრთე და ვუყურე, ვიფიქრე, რაც მე არ გავაკეთე, ვიღაცას გააკეთებინეს-მეთქი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში