უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად.
„პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ უნგრეთში თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან, ამას ძალიან აფასებს ქართველი ხალხი. უნგრეთი არის და რჩება ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად. ჩვენთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უნგრეთისგან, პირადად თქვენგან ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად. ამისთვის თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და თქვენს მთავრობას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატმა საშუალება მისცა, ერთად ემსჯელათ მიღწეულ პროგრესზე და დაესახათ სამომავლო გეგმები.
„ამ შეხვედრამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ერთად გვემსჯელა მიღწეულ პროგრესზე და დაგვესახა ასევე ერთად სამომავლო გეგმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, თითოეულ მინისტრს ძალიან საინტერესო დისკუსიებისთვის. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს ეხებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის საკითხებს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, თავდაცვას, იუსიტიციას, განათლებას, კულტურას. ყველა სფეროს შევეხეთ ამ ფორმატის ფარგლებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
ასევე მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს სხვადასხვა სფეროში და რა თქმა უნდა, შეთანხმებებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და ამის დასტურია ის ხშირი გაცვლა ვიზიტების და შეხვედრების, რომლებიც იმართება ჩვენს შორის. ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას.
ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გვქონდა დღეს საუბარი. ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არამხოლოდ მთავრობებს შორის თანამშრომლობა, არამედ ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობაც იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.