დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხზე მსჯელობენ. ცალკეული ფაქტების შესახებ ლია მელიქიშვილმა, გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრეს, სხდომაზე დაბარებულია ასევე ავთანდილ არაბული.
ლია მელიქიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორ მეცნიერ თამარ კეკელიძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იყო განსაკუთრებული პროფესიონალი, რომელმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს და საქართველოს ისტორიის კვლევას მიუძღვნა. იხსენებს, რომ კათედრების ლიბერირების პერიოდში 2005 წელს, უნივერსიტეტში პერსონალის შემცირება დაიწყო.
ერთ-ერთი იყო თამარ კეკელიძე,რომელიც აღნიშნულის გამო ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევით გარდაიცვალა. მელიქიშვილი აცხადებს, რომ იგივე მიზეზით კიდევ რამდენიმე პროფესორი გარდაიცვალა.
მელიქიშვილი ასევე აცხადებს, რომ პროფესორებზე ზეწოლა ხდებოდა იმ მიზნით, რომ სამსახური დაეტოვებინათ.
პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც ავტორიტეტული დაწესებულების პერსონალს მიზანმიმართულად ებრძოდა წინა ხელისუფლება, თუმცა ცვლილებებს მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა ვარდების რევოლუციამდე გეგმავდა.