ამ წუთებში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების შესახებ მოხსენებას მოწვეული პირებისგან ისმენს. ერთ-ერთი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც 2008 წელს ახალგორში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
გელა შერმადინის ინფორმაციით, წინა ხელისუფლებამ 2007 წელს ახალგორი მცხეთა მთიანეთისგან გამოყო და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს შეუერთა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დიმიტრი სანაკოევი აირჩიეს პრეზიდენტად. მისივე განცხადებით, ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია მოსახლეობაში და არც არჩევნების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.
ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, რუსები ახალგორში 14-15 აგვისტოს შევიდნენ, დაიკავეს შესასვლელი და კონტროლი დაამყარეს ამ ტერიტორიაზე ისე, რომ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო. მან როგორც კომისიას მოახსენა, ომის დაწყების დღიდან ახალგორში მცხოვრებლები იყვნენ დაბნეულები, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, იყო პანიკა და ღამით თავს ტყეს აფარებდნენ.
ამ წუთებში კომისია ვასილ მაღლაფერიძეს უსმენს, რომელიც 2007 წელს პარლამენტის წევრი იყო. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების წევრთა უმრავლესობამ არ იცოდა იმ ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც ახალგორი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს შეუერთა.