საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ბატონ დონალდ ტუსკთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და ბატონ ფრიდრიხ მერცთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ერთად, ქართველ ხალხს მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ და კიდევ ერთხელ გავიმეორთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნეს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს, უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“, - ნათქვამია განცხადებაში.