აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება. საღამოს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული, საქართველოს ეროვნული არქივის საცავებში დაცული დოკუმენტური ფოტო-ვიდეო მასალა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები - „ბათუმი“ „ხორუმი“, „არსიანი“, ბათუმის საბალეტო სკოლის მოსწავლეები.
გალაკონცერტის პარალელურად, დრამატული თეატრის მეორე სართულზე გაიმართება წმ. მატათა მოციქულის გიმნაზიის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
საღამო საქართველოს ჰიმნით დასრულდება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა შეასრულებს.