პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია - ბათუმის ხუთ სკოლაში თავისუფალი ადგილი არ არის

21 მაისი 2025, 15:01 1204 ნახვა

ხვალ დილის 9 საათზე პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge-ზე.

2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შემოწმება მშობლებს სკოლები emis.ge-ზე შეუძლიათ.

ამ დროის მონაცემებით, ბათუმის ხუთ სკოლაში ადგილები უკვე ამოწურულია. რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო ბათუმის პირველ, მეექვსე, მეშვიდე, მეთოთხმეტე სკოლებში, ასევე მესამე სკოლის ქართულ სექტორში.

პირველ ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, მეორე ეტაპზე კი მოსწავლეების და-ძმები, ასევე სკოლის თანამშრომლების შვილები დარეგისტრირდნენ. რესურსცენტრის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში ამ დროისთვის, 1400-მდე ადგილია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდშია სავალდებულო.

დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი