ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

07 მაისი 2025, 16:46 139 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა გახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების შექმნა.

"გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განხორციელებულ იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში შშმ პირების მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, მათ შორის ცესკოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ცესკოში მრავალი წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია შშმ ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები (შშმ პირთა თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები)"- განმარტავენ ცესკოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში