ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა - მაყვალა გონაშვილი

29 აპრილი 2025, 11:32 110 ნახვა

ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც 2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მისივე თქმით, ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.

"2004 წელს, როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მწერალთა კავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე გადადგა. უკვე კარგად იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა იმის გამო, რომ დაწერა „გიჟი სახურავზე“. ქართველებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა. თავმჯდომარედ ამირჩიეს მე, მაშინ მოადგილე ვიყავი. ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის. ზოგჯერ არასწორად ამბობენ, თითქოს შენობა მწერალთა კავშირს გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა. შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. კომუნისტები როცა შემოვიდნენ და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისევე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ისევ ქართველი მწერლობა დახვდათ და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს: „ყველა დროის მთავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის“. ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა“, - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

როგორც კომისიის სხდომაზე მაყვალა გონაშვილმა აღნიშნა, პოლიციამ მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს.

„მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები. პირველი, რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ, მომეცით-მეთქი. მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა. ამ ქალებმა, რომლებიც მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით ცხოვრობდნენ, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს. ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი. ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა“,  - აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.

მისივე თქმით, მაჩაბელის ქუჩა მთლიანად გადაკეტილი იყო ნიღბიანი ადამიანებით.

„ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ ხელისუფლებისგან ბოლოს როცა მივიღეთ წერილი, დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი.  წარმოებაში როცა არის საქმე, მაშინ რაიმეს აღსრულება არ შეიძლება. ვიდრე წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, რეზო ჩხეიძე, გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ათენებდნენ ღამეებს. საქმე წარმოებაში არის წასულიო, რომ გვითხრეს, პირველად მაშინ დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. 2007 წლის 21 აგვისტოს ღამის 04:00 საათზე მირეკავენ, შენობა გატეხესო. ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა გატეხეს-მეთქი. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, ამდენს თუ გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ-მეთქი. პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, ადვოკატთან ერთად გადამებარებინა, თუნდაც ეს ქონება. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა კაბინეტიდან. ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. ღამის 04:00 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღმრთისმშობელის ხატი. არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ, გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და პირველი სართულიდან მესმის საშინელი ხმები. ჩავირბინე და ვხედავ, ფანჯრიდან იყრება ყველაფერი“, - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი