ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. განცხადება ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება, მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს დაასრულებს.
„დღეს, „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.
ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ იცავდა ეროვნულ ინტერესებს.
"ნამდვილად მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ – სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება, გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში.
არაერთხელ მითქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს ჩემთვის ყოველთვის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა იყო! ასე მივიჩნევდი 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე და პოლიტიკიდან გავედი! ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად დაწყებული საქმე განვაგრძე, ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, მომავალ საქმიანობაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს.
„ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ არსებობს ალბათობა პოლიტიკაში დაბრუნების - გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ახლა როგორც გითხარით, ჩემი ამჟამინდელი მოტივაციაა, რომ გავიდე ქვეყნიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ 2024 წლის პირველ თებერვალს აირჩიეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი – 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, მეორედ კი – 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე.