ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იქნა შეჩერებული.
უწყების ცნობით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა.
ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი (გაყინული ქათმის ხორცი) ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.