„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ დღეს პროკურატურის ორ მოწმე პოლიციელს მოუსმინა. როგორც გაირკვა მოწმე პოლიციელი არჩილ ანთაძე იყო ერთ-ერთი რომელმაც მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანა. მოწმის ინფორმაციით, ის არის ასევე ინციდენტის თვითმხილველიც.
დაცვის მხარე ცდილობდა დაედგინა სად იმყოფებოდა არჩილ ანთაძე ამაღლობელის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ, რადგან ადვოკატების მტკიცებით სხვა მოწმეების მსგავსად ეს მოწმეც სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის. სასამართლოს ჩვენება მისცა დღეს ასევე გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა მიხეილ დარჩიამაც.
როგორც მან სასამართლოზე თქვა, არსებობდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელის მხრიდან დანაშაულის ჩადენა წინასწარ იყო დაგეგმილი, რის გამოც მისი პირადი ტელეფონი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ადვოკატებს პრეტენზია აქვთ საქმის ამ ნაწილზეც, რადგან მიაჩნიათ რომ გამოძიებას მზია ამაღლობელის ისეთ პირად ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არ არის.