სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.
გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა.
„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს - გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში. მე რომ მცოდნოდა, [ჩემთვის] ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს, გამოძიებას შევატყობინებდი,“ - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს ამ შენობაში იცავდა სახელმწიფოს და არა პარტიას ან ცალკე აღებულ ადამიანებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს, მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკე აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ, რადგან ის პროცესები, რომლებიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარევ. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახან გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ, როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა.
ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა, თუმცა, მაშინაც, 21 წლის 18 თებერვალს, უჩინარი კაცი ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი. ზუსტად ერთ საათში, თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს მაქვს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია, რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით მე ორჯერ მაქვს მიცემული ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. ჩემს ჩვენებებს ასე არ ვცვლი. თქვენ გქონდათ ამის უფლება და იმედი მაქვს, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა, გაცემული პასუხები. იმედი მაქვს, დღეს ამ სხდომისთვის მოემზადეთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე განცახდებით, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით კომისიამ მასთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი, სუსი-ს ხელმძღვანელი და „გავრილოვის ჩამომყვანი ადამიანი“.
„ვთვლი, უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ, დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმაც სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოჰკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა. მე არ ვიცი,თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“, - განაცხადა გახარია.
გახარიას თქმით, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო.
„20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს და მას შემდეგ გავიდა 6 წელი. ამ 6 წლის განმავლობაში მე აღარ ვარ ხელისუფლებაში უკვე 4 წელი. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო. გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ 20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვინ გასცა პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული გვქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ, იუსტიციის მინისტრობის დროს არის გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება. ძალიან კარგად მესმის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ჰააგა სხვების საქმეებთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში''- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად მასზე. გახარიას თქმით, არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია.
„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ იმ ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, თითქოს პოლიციელს რაღაც დავაბრალე. არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად ჰქონდა რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას, ბრძანებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მე გავეცი. ამას ყოველთვის ვამბობდი. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად სრული უფლება ჰქონდათ, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში. ეს არის და ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.