თბილისის მერია ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის მოზარდის გარდაიცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13 აპრილი 2025, 12:25 274 ნახვა

თბილისის მერია გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. ტიტანიკის კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

უწყების განმარტებით, შენობიდან მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო, არაერთხელ შესთავაზეს ქირით გაყვანა, რასაც მოსახლეობის ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი რჩება მისამართზე საცხოვრებლად.

„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

 

შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.

 

ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.

 

ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

 

მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეგთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.

 

უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.

 

თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში