მინდა, მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გონს მოხვიდეთ, რამეთუ მორალურად იქნებით საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი - სალომე ზურაბიშვილი

11 აპრილი 2025, 15:04 202 ნახვა

მინდა, მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას, ვინც არის ჩართული სხვადასხვა კუთხით რეპრესიებში და ვუთხრა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გონს მოხვიდეთ, არ შეხვიდეთ ამ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ მორალურად იქნებით ჩვენს საზოგადოების წინაშე ამაზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  რთულია მორალური პასუხისმგებლობა, როდესაც ხვალ, ზეგ, მაზეგ  საზოგადოებას თვალებში შეხედავ.

„დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები ამჯერად შეეხება მაღალჩინოსნებს – მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენია უშუალოდ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიების იმპლემენტაციაზე. მინდა, მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას, ვინც არის ჩართული სხვადასხვა კუთხით ამ რეპრესიებში და ვუთხრა, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გონს მოხვიდეთ, არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ ამ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ შეიძლება არამხოლოდ სანქციები თქვენც დაგეწიოთ, არამედ მორალურად იქნებით ჩვენს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი. წინააღმდეგობის პლატფორმის მხრიდან არ არის არანაირი სურვილი მომავალში შურისძიების, რამეთუ ამ ქვეყანაში შურისძიება საკმარისად ვნახეთ და ვხედავთ დღესაც.

მორალური პასუხისმგებლობაა ძალიან რთული, როცა საზოგადოებას თვალებში ხვალ, ზეგ, მაზეგ ჩახედავ. წაიკითხეთ „ქართული ქარტია“, იქ არანაირი შურისძიება გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია ყველა ამ რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებული იქნა და ყოველდღიურად მიიღება და შემდგომ სასამართლოზე მუშაობა, რადგან ამ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში