მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის 3 მოწმე პოლიციელს მოუსმინეს. ერთ-ერთი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ის გამომძიებელი იყო, რომელმაც მედია მენეჯერის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო გამოძიება.
მოწმე პოლიციელმა ჩვენებაში განმარტა, პატაკი რომლის საფუძველზეც დაიწყო მან გამოძიება, საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბერდია ფერაძე მიუთითებდა , რომ მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს მიაყენა შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა სახეში.
სწორედ ამ გარემოების გარკვევას ცდილობდნენ ადვოკატები და აცხადებდნენ , რომ კვალიფიკაცია უსაფუძვლოდ მიენიჭა საქმეს და ეს იყო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. მათი განცხადებით ამას პატაკში მითითებული შინაარსიც ადასტურებს.
დაცვის მხარე კიდევ ერთი დეტალის გარკვევას ცდილობდა ამჯერად პროკურატურის იმ მოწმესთან, რომელმაც მტკიცებულებები შეაგროვა. მათ შორის გამოითხოვა ვიდეო კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან. როგორც მოწმემ გამომძიებელმა განმარტა, მაუწყებელს სხვა კადრებიც ჰქონდა თუმცა , განჩინებით ამოიღო მხოლოდ ის ეპიზოდი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
ადვოკატების განცხადებით, ამ მოცემულობით გაურკვეველია, ვინ არ შეასრულა სასამართლოს განჩინება, გამოძიებამ თუ მაუწყებელმა. დაცვის მხარის განმარტებით, პროკურატურას უნდა ამოეღო სრული შავი მასალა რომელიც ასახავდა 11-12 იანვრის განვითარებულ მოვლენებს სამმართველოსთან, პროკურატურამ კი საქმეს მხოლოდ მაუწყებლიდან გამოთხოვილი 44 წამიანი ვიდეო კადრი დაურთო.
დღეს გამოკითხული მოწმეებიდან ერთადერთი იყო მესამე მოწმე პოლიციელი, რომელმაც სასამართლოს უთხრა , რომ მედია მენეჯერი პოლიციელებს დაკავებამდე უცენზურო სიტყვებით მიმართავდა , რასაც ბრალდებულის მხრიდან ტაში მოყვა.