გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ავიაკომპანიების შემოსვლა ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყანაში.
"ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები. ხანგრძლივი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის, 30 მარტიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირი ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში ოთხჯერ „ბრითიშ ეარვეისის“ მიერ. ეს რა თქმა უნდა, ტრანზიტულ ფრენებსაც გააადვილებს, მათ შორის აშშ-ში.
ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია „იზი ჯეტი“ შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან, კვირაში ორ-ორი სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.