ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად - შსს ხოშტარიას ბრალდებებს ეხმაურება

29 მარტი 2025, 17:23 276 ნახვა

პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად, - შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.

უწყების განმარტებით, იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ხოშტარია უარს აცხადებდა შემოწმებაზე და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

 

განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.

 

დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 - ით რეგულირდება.

 

პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

 

აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.

 

ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში, ხოშტარიას პირად გვერდზე გამოქვეყნდა, პარტია „დროას“ ლიდერი წერს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში