„ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა“ - ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ჟურნალ ატლანტიკის რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა.
ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ. თეთრმა სახლმა ინციდენტი ოფიციალურად დაადასტურა.
ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ ჩატში 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა გოლდბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ჩატში მიმოწერა ნამდვილია და ახლა იკვლევენ, თუ როგორ დაემატა შემთხვევითი ნომერი ჩატს“.