შეხვედრაზე, სადაც ბადრი ჯაფარიძეც იმყოფებოდა, გვითხრეს, თქვენი კომპანიის ფერები მოგვწონს და ამიტომ გადავწყვიტეთ ყიდვა, სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს - ჯემალ ლეონიძე

25 მარტი 2025, 11:58 241 ნახვა

გაიარა ომის ეპიზოდმა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, ქვეყანამ ომი გადაიტანა, სექტემბრის თვეში "თიბისი" ბანკის მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, შპს "მაგნატის" მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ლეონიძის თქმით, ბადრი ჯაფარიძის წარმომადგენელი დაუკავშირდა მისი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ნოდარ ხადურს და განუცხადეს, რომ კომპანიის წილის ყიდვა სურდა "თიბისი" ბანკს.

"მაშინ ჩემს კომპანიაში აღმასრულებელ დირექტორად იყო ნოდარ ხადური, მისი მეშვეობით მოხდა ეს კომუნიკაცია და რამდენიმე წერილით მიმართა ნოდარმა "თიბისი" ბანკის მენეჯმენტს და არა მარტო "თიბისის" არ იფიქრონ მესვეურებმა, რომ ეს მხოლოდ ჩემზეა გადმოტანილი, დიდი წვალებისა და მაშინ შეუძლებელი იყო ამ თანხების მოძიება შევძელით დეკემბრის ბოლოს, ახალ წლამდე გვქონდა ვადა, ამ თანხების აკუმულირება და დაფარვა. შევასრულეთ ეს მოთხოვნა პირნათლად, მივმართეთ მანამდე, რომ იქნებ გადაგვივადოთ, იქნებ რაღაც შეღავათი მოგვცეთ, ბიზნესი ჩერდება სხვა ალტერნატიული საშუალება არ გვაქვს. არაფერმა არ გაჭრა საბოლოო პასუხით გამოისტუმრეს ნოდარი, ეს როგორც ჩაფარვა მოხდა წლის ბოლომდე. ნოდარმა მითხრა ჯაფარიძისგან რეკავს წარმომადგენელი და გვთხოვენ შეხვედრას, კომპანიაში წილის ყიდვა უნდათო. კაცი, რომელმაც მოგვსპო, გაგვანადგურა, ფული წაგვართვა საბრუნავი, კი თავისი იყო, მაგრამ იმას ვალდებულებები მოჰყვებოდა ჩემგანაც და მათი მხრიდანაც, საუბარი იყო საბრუნავ თანხაზე 3 000 000 დოლარის ფარგლებში. მივედით, შევხვდით. ჯაფარიძე იყო, იყვნენ სხვებიც, ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენს კომპანიაში წილის ყიდვა ფერები მოგვწონს თქვენიო. სხვებიც არიან, მაგრამ თქვენი გვინდა ვიყიდოთო, ლურჯი და თეთრი ფერები გვქონდა, როგორც მათ ბანკს აქვს. სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს რატომ არ უნდოდათ სხვა "კალონკების" ყიდვა", - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

ჯემალ ლეონიძემ კომისიის სხდომაზე ისაუბრა ქონების ჩამორთმევის შესახებ.

„ყველაფერი, რასაც ვამბობ, არის მემორანდუმის ტექსტში და სხვა დოკუმენტებში, რაც მე გამოძიებისთვის მაქვს მიწოდებული პატიმრობაში ყოფნის დროს თუ შემდეგ. მანამდე რომ დავთვალეთ ქონებები, 30 მილიონ დოლარამდე ადიოდა ჩემი კომპანიის, „მაგნატის“ პროფილური ქონებები. ანუ, რაც კონკრეტულად ბენზინსაქმიანობას უკავშირდებოდა, დანარჩენი სხვა ქონებებიც მქონდა: რესტორნები, ფაბრიკა, ქარხანა, მიწები, მაგრამ პირობა იყო, რომ მხოლოდ პროფილურ ქონებებში დაკავშირებულ ბიზნესში უნდა შემოსულიყვნენ წილში. 30 მილიონ დოლარამდე გამოვიდა შეფასება, რომელსაც აფასებდნენ „თიბისი“ ბანკის პროფესიონალური ჯგუფი, რომლის საფუძველზე გასცემენ სესხებს მანამდეც და ახლაც. ჩემი მხრიდან ვიყავით მე და ნოდარ ხადური. 30 მილიონიდან 7,5 მილიონი დოლარი უწევდა 25 პროცენტს. აქციონერებად შემოვდივართ, მეგობრები უნდა ვიყოთო, მოკლედ სამ მილიონს გადავიხდითო, ესეც ხუთი წლის შემდეგ. ფაქტობრივად, გამოდის, ოფციას ყიდულობდნენ, ხუთი წლის შემდეგ იხდიდნენ სამ მილიონ დოლარს. მე გაჩერებული ვარ, საბრუნავი სახსრები არ მაქვს, სხვა გამოსავალი არ მაქვს. არადა, ცუდ პირობას არ მეუბნებოდა. ფული სახლში დასადებად რად მინდოდა? შვიდის მაგივრად, სამი მომცეს, მაგრამ კომპანია იმუშავებს, ხალხი დასაქმდება, მეც სიკეთე მექნება და სხვასაც-მეთქი. დავთანხმდი სამ მილიონს. ეს იყო პირველი პირის შეცვლა, რაც გააკეთეს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

 

გავაფორმეთ მემორანდუმი, თუ არ ვცდები, 2009 წლის 27 მარტს. ჩემი მხრიდან ხელს აწერს ნოდარ ხადური, მე და მეორე მხრიდან – ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი მაშინაც და დღესაც. ეს დოკუმენტი გამოძიებაში დღესაც დოკუმენტად დევს. იქ ასახულია, რომ სამი მილიონი უნდა მიიღოს კომპანიის დამფუძნებელმა და პირობად იყო ჩადებული, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა კომპანია განვითარდებოდა, ან მე უნდა მეყიდა ის 25 პროცენტი, რისი ყიდვის სურვილიც მათ ჰქონდათ, ან მთლიანად გაგვეყიდა უცხოელზე. ეს თავიდანვე ჰქონდათ ჩადებული, იქნებ უცხოელზე გავყიდოთ, მეტ თანხას გადაიხდისო. ვთქვი, გაყიდვის სურვილი არ მაქვს, ჩემი შექმნილია, სისხლი მაქვს ჩაქცეული და თუ ვიყიდი, მე ვიყიდი-მეთქი. კარგიო, ყველაფერზე თანხმდებოდნენ. პირობაა კიდევ ჩადებული, რომ კომპანიის რებრენდინგისთვის – განვითარება, საბრუნავი თანხა, ახალი ავტოგასამართი სადგურების ყიდვა, პირველ ეტაპზე, 20 მილიონი დოლარი უნდა ჩადონ. ეს ყველაფერი „თიბისი“ ბანკის სახელით ხდება. აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე, სადაც ბადრი ჯაფარიძეც იმყოფებოდა, გვითხრეს, თქვენი კომპანიის ფერები მოგვწონს და ამიტომ გადავწყვიტეთ ყიდვა, სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს.

ჯემალ ლეონიძის განცხადებით, "თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა უთხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება აესახა 11 მლნ დოლარად, ასე თქვეს ჩემებმაო. მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში