კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად.
„კლინიკებში, გრიპის ვირუსთან ერთად მეორე სიხშირით არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს და რეალურადაც ასეა, რომ ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განაპირობებს ორ გართულებას: ფილტვების ანთებას განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.