ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს, მეგი კობალაძეს 6 თვით ხელფასი შეუჩერეს

18 მარტი 2025, 14:30 335 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს 6 თვით ხელფასი შეუჩერეს. მეგი კობალაძე აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ალექსანდრე ქანთარიას ხელმოწერით ბრძანება უკვე ჩაბარდა.

“6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს (სამხატვრო ხელმძღვანელი) რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელოო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი?

ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის :))) ასეც ვიცოდი,” - წერს სოციალურ ქსელში მეგი კობალაძე.

ბრძანებაში, რომელსაც მეგი კობალაძე თავად ავრცელებს, თეატრის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ თეატრის რეჟისორის თანაშემწის სამსახურეობრივი ბარათიდან გამომდინარე, მსახიობი მეგი კობალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი. სოციალურ სივრცეში დაწერა გაფიცვის შესახებ და ამავე დროს არ წარმოადგინა ბიულეტენის გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა.

აჭარის მაუწყებელი აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში