2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 8.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

18 მარტი 2025, 11:43 239 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5 პროცენტით ანუ 173.0 ლარით გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორიცაა მაგალითად ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 008.3 ლარი. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 373.5 ლარი. მშენებლობა - 3 361.8 ლარი. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 259.1 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების - 2 653.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 189.9 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 170.8 ლარით, ანუ 7.8%-ით გაიზარდა და 2 367.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის - 4 078.2 ლარი და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების - 3 663.5 ლარი.

2024 წლის მეოთხე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 189.7 ლარით, ანუ 10.7%-ით გაიზარდა და 1 955.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში