მედიის ადვოკატირების კოალიცია „მთის ამბების” რედაქტორსა და ჟურნალისტზე, გელა მთივლიშვილზე თავდასხმას გმობს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლები დაუცველები არიან და მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება.
კოალიცია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი თავდასხმის სამიზნე ხდება პროფესიული საქმიანობის გამო. ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. ორგანიზაცია შსს-ს მოძალადე თანამშრომლის უმკაცრესად დასჯისკენ მოუწოდებს.
გელა მთივლიშვილის განცხადებით, გუშინ, წეროვანთან, ავტობანზე მას და მის კოლეგას თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ინციდენტის შემდეგ მანქანით აედევნენ.