როგორ აპირებს ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებას - თვითმმართველობის არჩევნებით, თუ მის გარეშე. საკითხზე განსხვავებული პოზიციებია. ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის ერთადერთი არჩევნები, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.
შესაბამისად, 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.
პარალელურად, ამ დრომდე გაურკვეველია, მოახერხებენ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ საერთო საკითხებთან დაკავშირებით, მათ კონსენსუსი აქვთ, თუმცა, რჩება საკითხები, სადაც სრულფასოვანი კოორდინაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
ოპოზიციას ნულოვან შანსს უწინასწარმეტყველებენ მმართველ გუნდში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას სწორედ თავად მოიპოვებენ.