მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ საქმეზე

13 მარტი 2025, 17:29 93 ნახვა

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები და მოუსმინა მოწმეებს. სასამართლო სავარაუდოდ დღესვე მოისმენს დასკვნით სიტყვებსაც. მოწმეების სახით სასამართლოს ჩვენება მისცეს გამომცემლობა ბათუმელების ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, ასევე, გამომცემლობა აჭარა თაიმსის დამფუძნებელმა.
სწორედ მათ მიერ გადაღებული მასალები უდევს საფუძვლად ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს. დაცვის მხარის მოწმეების ინფორმაციით, ვიდეო მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ ამაღლობელი დააკავა აჭარის სამმართველოს უფროსმა გრიგოლ ბესელიამ სტიკერის გაკვრის შემდეგ,და რომ მზია ამაღლობელი არ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას სამართალდამცავებს.
როგორც აჭარა თაიმსის დამფუძნებელმა ჩვენებაში თქვა, მის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც შსს-მ დაურთო საქმეს, ასახავს ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებას და არა ადმინისტრაციულს. საპირისპირო ჩვენება მისცეს სასამართლოს შსს -ს მოწმე პოლიციელებმა. ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მოადგილემ სასამართლოს უთხრა რომ მან დააკავა ამაღლობელი, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და არ დაემორჩილა პოლიციელების მითითებებს.
ოქმის შემდგენი მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეები ადვოკატებმა ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულეს და აცხადებენ, რომ გაყალბებულია მტკიცებულებები , კერძოდ ოქმები და ჩვენებები. აღნიშნულ საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს მზია ამაღლობელი რომელიც პროცესს დისტანციურად ესწრება და აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სამმართველოს შენობაში მის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში