პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
მთავრობის მეთაურმა ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. 30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატებებისთვის ხელბურთელებს, ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანს, მთავარ მწვრთნელ ტიტე კალანდაძეს, ასევე ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და სპორტის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ ბევრი გამარჯვება უსურვა.
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ისტორიული შედეგისთვის, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენეთ. ეს თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგია. მიმაჩნია, რომ სპორტში ყველაზე კარგად ჩანს ქართველი ადამიანის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი, ის თვისებები, რომლებიც ყველაზე მეტად აძლიერებს ჩვენს ერს. ჩვენ უკვე არაერთხელ ვნახეთ და დავრწმუნდით, თუ როგორ შეუძლია თითოეულ გამარჯვებას ჩვენი საზოგადოების გაერთიანება, სიამაყითა და სიყვარულით ავსება. მჯერა, თქვენი თავდაუზოგავი შრომით, სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის თანადგომით წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ქართველ გულშემატკივარს. მინდა, წარმატება გისურვოთ მომავალ ასპარეზობაში, რომელიც 13 მარტს გაიმართება. გახსოვდეთ, რომ მოედანზე გასვლისას თქვენ უკან დგას ქართველი გულშემატკივარი, რომლის სიყვარული და მხარდაჭერა აუცილებლად დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.