რამდენიმე წუთის წინ თეატრალურმა უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს დილით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილმა სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო. თეატრალურის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით უკვე დააჯარიმა.
თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა გუშინ დატოვეს, როდესაც უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზეს რომ ადგილს შეიცვლიდნენ, თუმცა უნივერსიტეტი ამას არ დასთანხმდა და შესთავაზა სალაროს სივრცის დაკავება, რაზეც სტუდენტებმა უარი თქვეს, ფართის სიმცირის გამო.